მთავარი » ცენტრალური აზია » ცენტრალური აზია: კლანური მმართველობის თავისებურებები

ცენტრალური აზია: კლანური მმართველობის თავისებურებები

ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ყველაზე დიდი ძალაუფლება პრეზიდენტს და მის უახლოეს გარემოცვას ეკუთვნის. პრეზიდენტის გარემოცვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გავლენიან ჯგუფებთან შეთანხმებით იღებს. ეს ჯგუფები მედიაში, ხშირად, კლანების სახელით მოიხსენიება. აღნიშნულ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ ცენტრალურ აზიაში კლანების ფორმირების თავისებურებებს.

ცენტრალურ აზიაში კლანური ტიპის გაერთიანებები საფუძველს შუა საუკუნეებიდან იღებს. ტრადიციულმა კლანებმა ტრანსფორმაცია განიცადეს საბჭოთა პერიოდში და თავისი არსებობა კომუნისტური პარტიის ადმინისტრაციული სტრუქტურების ჩარჩოებშიც განაგრძეს. კლანებმა თავისი გავლენა ცენტრალური აზიის საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც შეინარჩუნეს.

ცენტრალურ აზიაში თანამედროვე კლანის წევრობა რამდენიმე ან რომელიმე ერთი ფაქტორით არის განსაზღვრული: საერთო ეთნიკური წარმოშობა; ნათესაური კავშირები; საერთო წარმოშობის ადგილი – რეგიონი, ქალაქი, სოფელი ან რაიონი; ერთი და იგივე ინსტიტუტში სწავლა; საერთო სამუშაო ადგილი; ვერტიკალური ბიზნეს-ურთიერთობები. კლანურ გაერთიანებებს ცენტრალურ აზიაში სახელმწიფოების მიხედვით გარკვეული თავისებურებები ახასიათებთ.

ყაზახეთი: ჯუზები

ყაზახეთის მოსახლეობა ტრადიციულად სამ ჯუზშია გაერთიანებული. ჯუზებად დაყოფა XVI საუკუნეში დაიწყო, როდესაც ყაზახების სახანო დაიშალა. უმცროსი ჯუზის წარმომადგენლები ძირითადად ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ და სხვებზე მეტად არიან რუსიფიცირებულნი. შუათანა ჯუზის განსახლების ადგილია ყაზახეთის ჩრდილოეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი. რუსეთის კოლონიური პოლიტიკა თავდაპირველად უმცროსსა და შუათანა ჯუზებს შეეხო.

უფროსი ჯუზის განსახლების ადგილია ყაზახეთის სამხრეთი ნაწილი, რომელიც ყველაზე ბოლოს შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ყაზახეთში ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების აღების შემდეგ, უფროსი ჯუზის პოზიციები გაძლიერდა, განსაკუთრებთ მას შემდეგ, რაც დედაქალაქი უმცროსი ჯუზის ტერიტორიაზე მდებარე ქ. ორენბურგიდან, ალმათაში გადაიტანეს.

ყირგიზეთი: ჩრდილოეთი და სამხრეთი

ყირგიზეთში კლანების დაყოფის გეოგრაფიული პრინციპია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კლანები თავის ტერიტორიებზე კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თუ ადრე ყირგიზეთის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე უზბეკური კლანებისა და რუსების გავლენა იგრძნობოდა, საბჭოთა პერიოდსა და 1991 წლის შემდეგ, მრავალი ყირგიზი ურბანულ ცენტრებში გადასახლდა და მაღალი პოლიტიკური პოსტებიც დაიკავა, რამაც ყირგიზული ელიტების გავლენა გაზარდა.

2005 წელს სამხრეთელმა კურმანბეკ ბაკიევმა ჩრდილოეთელი პრეზიდენტი ასკარ აკაევიტიტების რევოლუციის“ შედეგად დაამხო, რითაც სამხრეთული კლანის გავლენა გაიზარდა. თუმცა, ბალანსის დასაცავად მან ჩრდილოეთელი პრემიერ-მინისტრი დანიშნა, რითაც ქვეყნის მასშტაბით კლანებს შორის გარკვეულ თანხმობას მიაღწია.

კურმანბეკ ბაკიევი

კურმანბეკ ბაკიევი

ტაჯიკეთი: რეგიონები

ტაჯიკეთში 1990-იან წლებში განვითარებული სამოქალაქო ომის ძირითადი შემოქმედები კლანები იყვნენ. ომში ტაჯიკურის გარდა, უზბეკური კლანებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთსა და დასავლეთში ცხოვრობდნენ. ამჟამინდელი პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი კულიაბის კლანიდან არის, რომელიც ხელისუფლებაში ძირითადად საკუთარი კლანის წევრებს ეყრდნობა და სხვების როლის შესუსტებას ცდილობს. ტაჯიკეთში კლანის წევრობას ერთი რომელიმე რეგიონიდან საერთო წარმოშობის პრინციპი განსაზღვრავს.

თურქმენეთი: ტომები

თურქმენეთში თანამედროვე კლანურ სტრუქტურას საფუძველი ტრადიციულმა ტრაიბალურმა ჯგუფებმა დაუდეს. თურქმენეთში შვიდი მთავარი ტომია. მათ შორის ყველაზე ძლიერია ტეკე, რომელიც განსახლებულია აშგაბადის გარშემო, ცენტრალურ და სამხრეთ თურქმენეთში. ტეკეს ტომში ორი დიდი ტომია გაერთიანებული: აჰალ  და მარი. აჰალ ტეკე ყველაზე გავლენიანი ტომია. ამ შვიდის გარდა, არის კიდევ მცირე ტომები. მათ შორის, ზოგიერთ ტომს იმდენად მკვეთრად გამოხატული ტრაიბალური იდენტიფიკაცია აქვს, რომ საერთოდ უარს აცხადებს თურქმენული ერის ნაწილად აღიაროს თავი.

თურქმენეთის ყოფილმა ავტოკრატმა პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა, რომელიც აჰალ ტეკეს ტომიდან იყო, თანამდებობებიდან ხშირი გათავისუფლებებითა და დაპატიმრებებით მნიშვნელოვნად შეასუსტა კლანები. თურქმენული კლანები ამჟამად სუსტები არიან. არცერთ გეოგრაფიულ კლანს არ ჰყავს ძლიერი ლიდერი და არც  პოლიტიკურ გავლენას ფლობს.

საფარმურად ნიაზოვი

საფარმურად ნიაზოვი

უზბეკეთი: რეგიონები

უზბეკეთში კლანები ძირითადად პროვინციების მიხედვით არიან ჩამოყალიბებულნი. ამ მხრივ შემდეგი რეგიონული ჯგუფების გამოყოფა შეიძლება: სამარყანდი, ტაშკენტი, ფერღანა, ჯიზახი, ქაშქადარია, ხორეზმი და ყარაყალპაკეთი. უზბეკური კლანების გავლენა მეზობელ ქვეყნებში უზბეკურ დასახლებებზეც ვრცელდება. პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი გამორჩეულად რომელიმე კლანის წევრად არ მიიჩნევა, ამიტომაც პოსტსაბჭოთა პერიოდში იგი იდეალურ კომპრომისულ ვარიანტს წარმოადგენდა. კარიმოვი კლანებს შორის მანევრირებით ელიტებს შორის თანხმობას უზრუნველყოფს.

ცენტრალურ აზიაში მოქმედმა კლანებმა, რომლებმაც თავის სასარგებლოდ გამოიყენეს ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკურ პოზიციების გამყარებას დღემდე აგრძელებენ, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ხარჯზე ხდება. პოლიტიკური რეფორმების არარსებობის პირობებში, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი კლანების გავლენას უახლოეს პერიოდში რაიმე საფრთხე დაემუქროს.


%(count)s კომენტარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: