უზბეკეთის მთავრობის განცხადებით, 2016 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი. კარიმოვის გარდაცვალებით დამოუკიდებელი უზბეკეთის ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა. თუ ვინ იქნება კარიმოვის შემდეგ უზბეკეთის პრეზიდენტი, ქვეყნის გავლენიან ჯგუფებსა და კლანებს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
პრეზიდენტის სიკვდილი
ისლამ კარიმოვის ჯანმრთელობის საკითხი წლების განმავლობაში აქტუალური და საიდუმლოებით მოცული საკითხი იყო. კარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გარდაცვალების შესახებ ცნობები 2009, 2010 და 2015 წლებშიც გავრცელდა. ამჯერად კარიმოვის გარდაცვალების შესახებ ხმები პირველად 28 აგვისტოს გავრცელდა, როდესაც მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. 29 აგვისტოს კარიმოვის უმცროსმა ქალიშვილმა, ლოლამ ინსტაგრამის გვერდზე განაცხადა, რომ მამამისი ტვინში სისხლის ჩაქცევის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.
რამდენიმე დღიანი გაურკვევლობის შემდეგ, 2016 წლის 2 სექტემბერს, უზბეკეთის მთავრობამ კარიმოვის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, მანამდე, მსოფლიოს წამყვანმა მედია საშუალებებმა, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ კარიმოვი ამჯერად ნამდვილად გარდაიცვალა. ოფიციალურ დადასტურებამდე უზბეკ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა რამდენიმე უცხოელმა ლიდერმა, მათ შორის თურქეთის პრემიერ–მინისტრმაც.

კარიმოვის დაკრძალვა
კარიმოვის დაკრძალვა მშობლიურ სამარყანდში გაიმართა. დაკრძალვის ცერემონიას არ დასწრებიან რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები. აშშ–მა და ჩინეთმა კი, დაბალი რანგის დიპლომატიური მისიები გააგზავნეს.
კარიმოვის ადრეული წლები
ისლამ კარიმოვის ბიოგრაფიული მონაცემები ოფიციალურ წყაროებში მწირად არის წარმოდგენილი. ამ მონაცემებით კარიმოვი 1938 წლის 30 იანვარს დაიბადა სამარყანდში, მოსამსახურის ოჯახში. ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებით, არსებობს ვერსია, რომ კარიმოვმა ბავშვობა საბავშვო სახლში გაატარა. ოფიციალურ დოკუმენტებში კარიმოვის მამად აბდუგან კარიმოვია მითითებული, რომელიც კარიმოვის დაბადებამდე ორი წლით ადრე დააპატიმრეს. მისი ბიოლოგიური მამის შესახებ ცნობები არ მოიპოვება, თუმცა, ვარაუდობენ, რომ იგი შეიძლება ტაჯიკი ან ებრაელი ყოფილიყო.

ისლამ კარიმოვი
არსებული ინფორმაციით, კარიმოვი საბავშვო სახლში სამი წლის ასაკში მიაბარეს, როდესაც მამამისი ციხიდან გამოვიდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, იგი კვლავ ოჯახს დაუბრუნდა. შვიდი წლის ასაკიდან სრულწლოვანებამდე კარიმოვმა კვლავ საბავშვო სახლში გაატარა.
ოჯახი
1964 წელს ისლამ კარიმოვი ნატალია კუჩმიზე დაქორწინდა და მათ შვილი პეტრ შეეძინათ. კარიმოვის უფროსი შვილის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. არსებული მონაცემებით, იგი შესაძლოა სანქტ–პეტერბურგში ცხოვრობდეს და მუშაობდეს. მისი დაბადების შემდეგ კარიმოვის პირველი ქორწინება მალევე დასრულდა.
1967 წელს კარიმოვმა მეორედ იქორწინა ტაჯიკურ–რუსული წარმოშობის ტატიანა აკბაროვნაზე, რომელიც იმ პერიოდში უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში უმცროს–მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა. მეორე ქორწინებიდან კარიმოვს ორი გოგო შეეძინა – გულნარა და ლოლა.

ისლამ კარიმოვი მეუღლესთან ერთად
პოლიტიკური კარიერა
1960 წელს კარიმოვმა დაამთავრა ტაშკენტის ცენტრალური აზიის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ–მექანიკოსის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩკალოვის სახელობის ტაშკენტის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში წამყვან ინჟინერ–კონსტრუქტორად დაიწყო მუშაობა. 1966 წელს კარიმოვი უზბეკეთის სსრ–ის „გოსპლან“–ში (საბჭოთა კავშირის ეკონომიკური დაგეგმვის კომიტეტი) სამუშაოდ გადავიდა, 1967 წელს კი, ეკონომისტის დიპლომი მიიღო.
1983 წელს „გოსპლან“–ის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან იგი უზბეკეთის სსრ ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. 1986 წელს „გოსპლან“–ის ხელმძღვანელი გახდა, რამდენიმე თვეში კი, სკკპ–ის (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია) ქაშქადარიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი გახდა.
1989 წელს უზბეკეთის ლიდერი რაფიკ ნიშანოვი სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს, მისი მემკვიდრე კი, კარიმოვი გახდა. უმაღლესი საბჭოს სესიაზე საბჭოთა უზბეკეთის პრეზიდენტად კარიმოვი 1990 წლის 24 მარტს აირჩიეს.
უზბეკეთის კლანურ საზოგადოებაში კარიმოვი ყველაზე კომპრომისულ ფიგურად მიიჩნეოდა, რომლის საბჭოთა უზბეკეთის პირველ პირად დანიშვნითაც კლანებს შორის არსებული ბალანსი შენარჩუნდა. მას მხარს უჭერდა სამარყანდის კლანის არაფორმალური ლიდერი, უზბეკური პოლიტიკის „რუხი კარდინალი“, ისმაილ ჯურაბეკოვი, რომელიც იმდენად გავლენიანი ფიგურა იყო, რომ კრემლმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. კარიმოვს კი, არ ქონდა დიდი ძალაუფლება და ამავე დროს, მისი დანიშვნა მისაღები იყო დანარჩენი ორი გავლენიანი, ტაშკენტისა და ფერღანის კლანებისთვისაც.
თავისი მმართველობის ადრეულ პერიოდში ძალაუფლების გასაძლიერებლად კარიმოვმა ტაშკენტისა და ფერღანის კლანებთან ახლო კავშირების დამყარება და საკუთარი ძალაუფლების სამ კლანს შორის ურთიერთობაზე დაფუძნება დაიწყო მაშინ, როდესაც იყო მოლოდინი, რომ იგი სამარყანდის კლანისადმი ლოიალობას შეინარჩუნებდა.
მარადიული პრეზიდენტი
უზბეკეთის კონსტიტუციაში პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მიუხედავად, ისლამ კარიმოვი დამოუკიდებელი უზბეკეთის მეთაური 1991 წლიდან შეუცვლელად იყო. კარიმოვი დამოუკიდებელი უზბეკეთის პრეზიდენტი 1991 წლის დეკემბერში გახდა, როდესაც საერთო სახალხო არჩევნები გაიმართა. კარიმოვი 1996 წელს მორიგ არჩევნებს აღარ დაელოდა და 1995 წელს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, უფლებამოსილება 2000 წლამდე გაიგრძელა.
კიდევ ერთი რეფერენდუმით საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა და კარიმოვის საპრეზიდენტო მოღვაწეობის ათვლა თავიდან დაიწყო. შედეგად, 2007 წელს კარიმოვი კიდევ ერთხელ აირჩიეს პრეზიდენტად. 2015 წლის 29 მარტის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში კარიმოვმა, ტრადიციულად, ხმების უმრავლესობა – 90% მიიღო.
ადამიანის უფლებები კარიმოვის მმართველობის პერიოდში
კარიმოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ლიდერებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებდა. 2000 წლიდან ქვეყანაში ოფიციალურად არსებობს ცენზურა და ინტერნეტში დაბლოკილია ხელისუფლებისთვის არასასურველ ვებგვერდებზე წვდომა. ადამიანის უფლებების დამცველები კარიმოვს ოპონენტების წინააღმდეგ არაკანონიერი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. ყველაზე გახმაურებული ინციდენტი 2005 წლის 13 მაისს, ქ. ანდიჯანში მოხდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს. 187 ადამიანი დაიღუპა. კარიმოვმა დემონსტრაცია ისლამისტების ამბოხებად შეაფასა და დასავლეთი და მედია „მეამბოხეების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ანდიჯანის მოვლენების შემდეგ ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია და ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევეს.
საგარეო (ლავირების) პოლიტიკა
ისლამ კარიმოვი საგარეო პოლიტიკაში დიდ სახელმწიფოებს შორის ლავირების პოლიტიკას ანიჭებდა უპირატესობას და ცდილობდა მსგავსი ნაბიჯებით მაქსიმალური სარგებელი მიეღო. 1994 წელს უზბეკეთი პრორუსულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას შეუერთდა, რომელიც 1999 წელს დატოვა. 2001 წელს უზბეკეთი შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა. თუმცა, ამავე დროს, კარიმოვმა ავღანეთში ნატო–ს ოპერაციას დაუჭირა მხარი და ამერიკელებთან თანამშრომლობაც დაიწყო.
2005 წელს, ანდიჯანის მოვლენების გამო, დასავლეთის მხრიდან კრიტიკის გააქტიურებას, კარიმოვის კვლავ რუსეთთან დაახლოება მოჰყვა. თუმცა, 2008 წელს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობა დატოვა, 2012 წელს კი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია.
ამის მიუხედავად, რუსეთი უზბეკეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პატრნიორი იყო. რუსეთი უზბეკეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მასზე მოდის ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის 27.5%.
ყველაზე რთული ურთიერთობა კარიმოვის უზბეკეთს მეზობელ ტაჯიკეთთან ჰქონდა. უზბეკეთი ტაჯიკეთში დაგეგმილ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებს აპროტესტებდა. ტაშკენტის აზრით, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უზბეკეთს, ყაზახეთსა და თურქმენეთს ბამბის მორწყვაში პრობლემას შეუქმნიდა. დღემდე უზბეკეთ–ტაჯიკეთის საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი დანაღმულია.
კარიმოვის ეკონომიკა
კარიმოვის მმართველობის პერიოდში საბჭოთა დროინდელმა ბევრმა მსხვილმა საწარმომ მუშაობა შეწყვიტა. ქვეყანაში ენერგორესურსების არსებობის მიუხედავად, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება დღემდე ხარვეზებით მიმდინარეობს, ეროვნული ვალუტა კი არასტაბილურია.
კარიმოვის უზბეკეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი ქვეყანა იყო და ბამბის წარმოების ხუთეულში შედიოდა. ბამბის მოსავლის აღებაში არასრულწლოვნების შრომის გამოყენების გამო მას ხშირად აკრიტიკებდნენ. კარიმოვის პერიოდში უზბეკეთის შემოსავლებს ოქროს ექსპორტიც უზრუნველყოფდა.
ბუნებრივი სიმდიდრეების მიუხედავად, კარიმოვის უზბეკეთში კორუფციის მაღალი ხარისხის გამო, ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის არახელსაყრელი გარემოა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის 10% შრომით მიგრაციაში იმყოფება, მათი უმრავლესობა რუსეთშია. ქვეყანაში ბიზნესის შემოსავლიან სფეროებს კარიმოვის ოჯახი და მასთან დაახლოებული პირები, მათ შორის მინისტრები, ფლობენ.
2015 წლის მარტში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შეტყობინების პროექტმა გამოძიების მასალები გამოაქვეყნა, სადაც კარიმოვის უფროსს ქალიშვილ გულნარას წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ქრთამის აღება ედება ბრალად შვედურ-ფინური და რუსულ–ნორვეგიული სატელეკომუნიკაციო კომპანიების, TeliaSonera-სა (TeliaSonera-ს ჯგუფის წევრია ჯეოსელი) და VimpelCom-ის უზბეკეთის ბაზარზე შესვლის მხარდაჭერის სანაცვლოდ. პროექტის მიერ ჩატარებული გამოძიებით მტკიცდება, რომ გულნარამ 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ქრთამი აიღო ფულისა და სხვადასხვა კომპანიებში წილების სახით.

გულნარა კარიმოვა
2013 წელს გულნარას ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დაიწყო. მის წინააღმდეგ სერიოზული კამპანია წამოიწყეს ყველა მიმართულებით, ოჯახიდან დაწყებული, სახელმწიფო სამსახურებით დამთავრებული. მამასთან დაპირისპირების გამწვავების გამო, მოკლე ხანში გულნარას ჩამოაშორეს მისი მცველები, ზოგიერთი მისი შიდა წრის წარმომადგენელი კი დააპატიმრეს, გაითიშა მისი რადიო და ტელეარხები. მისი საქველმოქმედო ფონდი და პოლიტიკური კვლევების ცენტრი გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით გამოძიების ინტერესის საგანი გახდა, მის მედია ჰოლდინგს კი ანგარიშები გაუყინეს.
გულნარას წინააღმდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რის შემდეგაც მან 2013 წლის 29 ოქტომბერს ტვიტერზე მამამისი სტალინს შეადარა. 2014 წელს გულნარას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და იგი შინაპატიმრობაში აიყვანეს. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, გულნარა შესაძლოა ისრაელში იმყოფებოდეს.
დისა და დედის გარდა პრეზიდენტის კარზე მის საწინააღმდეგო განწყობების შექმნაში გულნარა ქვეყნის უშიშროების მინისტრს, რუსტამ ინაიატოვსაც ადანაშაულებს. 2013 წლის დეკემბერში გულნარამ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ინაიატოვმა მამამისი მის წინააღმდეგ განაწყო, რათა ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში.
ხელისუფლების გადაცემა
უზბეკეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტის სიკვდილის ან უუნარობის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შესრულება პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს ევალება მანამ, სანამ სამ თვეში არჩევნები არ ჩატარდება. ნიგმათულა იულდაშევი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, არ ითვლება ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად, მას დაკრძალვის ცერემონიაშიც კი არ შეუსრულებია აქტიური როლი. მისი პოლიტიკური სისუსტის დასტურია 8 სექტემბერს უზბეკი კანონმდებლების გადაწყვეტილება, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კარიმოვის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრე, პრემიერ–მინისტრი შავქათ მირზიაევი აირჩიეს, იულდაშევმა კი უარი თქვა მოვალეობის შესრულებაზე. ამის მიზეზად, იულდაშევმა მირზიაევის მრავალწლიანი გამოცდილება და ხალხის მხრიდან პატივისცემა დაასახელა.
ტრიუმვირატი
უზბეკეთის კლანურ საზოგადოებაში ქვეყნის პირველი პირის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევის დროს გავლენიან კლანებსა და ჯგუფებს შორის კომპრომისს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თავის დროზე, კარიმოვიც კლანებს შორის შეთანხმების შედეგად შეირჩა. უზბეკეთში არსებული ვითარება გვაფიქრებინებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატურის დასახელება უზბეკეთის სამ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას (პრემიერ–მინისტრი, ვიცე–პრემიერი, უშიშროების მინისტრი) შორის შეთანხმების შედეგი იქნება.
შავქათ მირზიაევი – პრემიერ–მინისტრი
შავქათ მირზიაევი
59 წლის შავქათ მირზიაევი 2003 წლიდან ქვეყნის პრემიერ–მინისტრია. იგი განათლებით ინჟინერ–მექანიკოსია და მრავალი წლის განმავლობაში უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბამბის მოსავლის აღებაზე იყო პასუხისმგებელი. მირზიაევი წარმოშობით ჯიზახის კლანიდან არის, რომელიც კარიმოვის სამარყანდის კლანის მოკავშირეა. მირზიაევი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოფლის მეურნეობის მიმართულებას კურირებს, მათ შორის ბამბის მრეწველობას. ცნობილია, რომ იგი რუს ოლიგარქებთან დაახლოებულია და ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, როდესაც პუტინი 2008–2012 წლებში რუსეთის პრემიერი იყო.
პიროვნულად მას საკმაოდ ნეგატიურად მოიხსენიებენ და თანამშრომლების ცემასა და ბილწსიტყვაობაშიც ადანაშაულებენ. საინტერესოა, რომ მისი პირველი, შედარებით ნორმალური ფოტო მედიაში მისი გაპრემიერებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ გამოჩნდა.
მირზიაევი კარიმოვის ოჯახთან დაახლოებულ პირად ითვლება. არსებული ინფორმაციით, მას კარგი პიროვნული და საერთო ბიზნეს–ინტერესები აქვს ქვეყანში ყველაზე გავლენიან რუსტამ ინაიატოვთან.
მირზიაევი კარიმოვის დაკრძალვის ცერემონიას ხელმძღვანელობდა და უშუალოდ გააცილა ბოლო გზაზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. საინტერესოა, რომ დაკრძალვის შემდგომ დღეებში, კარიმოვის საფლავი ვლადიმერ პუტინმაც მოინახულა, რომელმაც მირზიაევთანაც გამართა შეხვედრა. მირზიაევსა და პუტინს შორის არსებული ურთიერთობები მიუთითებს, რომ იგი შესაძლოა პრეზიდენტის პოსტზე რუსეთის ფავორიტი კანდიდატიც იყოს.
რუსტამ ინაიატოვი – უშიშროების მინისტრი

რუსტამ ინაიატოვი
ექსპერტთა შეფასებით, ქვეყანაში რეალური ძალაუფლება რუსტამ ინაიატოვს ეკუთვნის. იგი 1944 წელს დაიბადა და მისი პირველი პროფესია აღმოსავლეთმცოდნეობაა. უზბეკურის გარდა, იცის სპარსული, რუსული და ინგლისური ენები. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საბჭოთა სახელმწიფო უსაფთხოების კომიტეტში დაიწყო მუშაობა. 1995 წლიდან სათავეში ჩაუდგა უზბეკეთის უშიშროების სამსახურს და ნელ–ნელა კონკურენტი უწყებები დაასუსტა. 2005 წელს ანდიჯანის მოვლების შემდეგ კი, მისი მთავარი კონკურენტი, სამარყანდის კლანის წარმომადგენელი შსს მინისტრი, ზაქირ ალმატოვი ჩამოიშორა. თავად ინაიატოვი ტაშკენტის კლანის წარმომადგენელია.
ინაიატოვს შეიარაღებული დანაყოფების საკუთარი არმია და თავისი ხალხი ჰყავს ხელისუფლების ყველა სეგმენტში, ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე. ცნობილია, რომ იგი არ წყალობს მედიას და მისი პირველი შედარებით ხარისხიანი ფოტო 2014 წელს გამოჩნდა, ისიც ჩინელების წყალობით, როდესაც იგი ჩინეთში ვიზიტის დროს დააფიქსირეს.
აშშ-ის გაჟონილი დიპლომატიური მიმოწერიდან ირკვევა, რომ ინაიატოვი კარიმოვთან პოლიტიკურ წვდომას აკონტროლებდა, კომპრომატები აქვს მთავრობის წევრებზე და ცდილობდა პრეზიდენტთან ვინმეს ზედმეტი დაახლოებისთვის ხელი შეეშალა.
ტაშკენტის კლანის ფავორიტი შეიძლება ინაიატოვი ყოფილიყო, მაგრამ მას ასაკიც (72) არ უწყობს ხელს და არც მსგავს პოლიტიკურ ამბიციებს ავლენს. იგი „მეორე კაცის“ როლსაც დათანხმდება, თუკი „პირველი კაცი“ მისი შერჩეული იქნება. ამგვარი „პირველი კაცი“ კი, მისთვის შესაძლოა იყოს, როგორც მირზიაევი, ასევე რუსტამ აზიმოვი.
რუსტამ აზიმოვი – ვიცე–პრემიერი

რუსტამ აზიმოვი
პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი რუსტამ აზიმოვი ტაშკენტში ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია და „უზბეკი ჩუბაისის“ იმიჯი აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდისთვის იგი ერთ–ერთი პირველი უზბეკური კომერციული ბანკის ხელმძღვანელი იყო. ტაშკენტის უნივერსიტეტის ისტორიკოსის დიპლომის გარდა, მას ოქსფორდის მაგისტრატურის დიპლომიც აქვს, რაც იშვიათი მოვლენაა უზბეკეთის მთავრობაში. 1998 წლიდან იგი ფინანსთა მინისტრია. მისი სახელი პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და ბამბის მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ ნეგატიურ მოვლენებს არ უკავშირდება, მაგრამ მასთან არის კავშირში უზბეკური ვალუტის არასტაბილურობა. 2013 წელს მას გულნარა კარიმოვა დაუპირისპირდა, რომელმაც მინისტრს კორუფციაში დასდო ბრალი. არსებული ინფორმაციით, კარიმოვის უმცროსს ქალიშვილ ლოლას ოჯახს და რუსტამ ინაიატოვს აზიმოვთან ერთად საერთო ბიზნეს–ინტერესებიც აქვთ. საინტერესოა, რომ აზიმოვს კარგი კავშირები აქვს დასავლეთშიც და დასავლურ წრეებშიც მის კანდიდატურას პოზიტიურად აფასებენ.
დასკვნა
ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ უზბეკეთის შიდა სტაბილურობა და პრეზიდენტობის შემდგომი კანდიდატურის შერჩევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უზბეკურ გავლენიან კლანებსა და ჯგუფებს შორის შეთანხმებაზე. ამ მხრივ, მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი შეიძლება არსებობდეს:
პირველი, კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ განვითარებული მოვლენების საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტობის დიდი შანსები აქვს მოქმედ პრემიერ–მინისტრს, შავქათ მირზიაევს. მირზიაევი კარიმოვის დაკრძალვის ცერემონიას ხელმძღვანელობდა და პირადად გააცილა უკანასკნელ გზაზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. ასევე, კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება 8 სექტემბრიდან, არა პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს, არამედ მას დაეკისრა. კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ლიდერების (ჯერ დიმიტრი მედვედევი და შემდეგ ვლადიმერ პუტინი) ვიზიტები უზბეკეთში მირზიაევთან შეხვედრების ფონზე წარიმართა, რაც, როგოც ჩანს, კრემლის მხრიდან მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერასაც გულისხმობს. უშიშროების მინისტრის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში კი, მირზიაევი შესაძლოა დამოუკიდებელი უზბეკეთის მეორე პრეზიდენტად მოგვევლინოს.
მეორე, უზბეკეთის მეორე პრეზიდენტი, შესაძლოა, ნაკლებად გავლენიანი პირი გახდეს, რომელიც ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის კომპრომისული ფიგურა იქნება და, რაც მთავარია, უშიშროების მინისტრის, რუსტამ ინაიატოვის მხარდაჭერა ექნება.
მესამე, გავლენიან კლანებსა და ჯგუფებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, უზბეკეთი, შესაძლოა, კლანთა შორის მწვავე დაპირისპირების არეალად და რეგიონში დესტაბილიზაციის წყაროდ იქცეს.
სტატიაში გამოყენებულია სხვადასხვა მასალები, მათ შორის BBC–სა და კარნეგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატიები.
[…] […]
LikeLike